პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის წევრებს გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო


15.09.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გლობალური პანდემიის დროს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ კომისიის წევრებს წარუდგინა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "JMP Strategic Solutions"-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც პოზიტიურად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვას.  

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ძალიან მაღალი შეფასება კოვიდ-19-ის  პანდემიის დროს გაწეული საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების რეპატრიაციისა და ადგილზე მათი დახმარების კუთხით. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პანდემიამ ხელი შეუწყო უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოქალაქეთა მიმართვიანობის გაზრდას. 

„თანამემამულეთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის კვლავ მიმართავენ საკონსულო დაწესებულებებსა და საელჩოებს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი ნდობის მაჩვენებელი. პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუმყარა ჩვენს მოქალაქეებს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, გვაჩვენა რომ საჭიროა ერთიანი მუშაობა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმთავრესი პრინციპით  - უზენაესი იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ყველა იმ კრიტერიუმის შესახებ, რომელთა მიხედვითაც ხდებოდა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა. „უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემები არაერთგვაროვანი იყო. იქნება ეს საცხოვრებლით და საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, სამედიცინო დახმარებითა თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფა, გადაადგილებაში დახმარება, სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის დახმარება, ხშირად , სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს დავეხმარეთ სამსახურის მოძიებაში. საქართველოს გამოცდილება ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავია“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, თამამად  შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას გაუზიაროს „კარგი პრაქტიკა“ პანდემიის დროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირებისა და ამ გზით, მათი უფლებების დაცვის საკითხში.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზებს ერთიანი რეგულაციების შემუშავებას, რაც შემდგომში წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიზნით 2021 წელს უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემატიკაც იქნება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვა გლობალური კრიზისების დროს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა საკანონმდებლო ორგანოში - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოს 22 862 მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება კი გაეწია 23 296 თანამემამულეს.

 

https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-ministris-moadgilem-parlamentis-ce.aspx?CatID=5