პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო უწყება - საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით უკვე განხორციელდა და დაიგეგმა 30-ზე მეტი ავიარეისი და მოქალაქეთა ორგანიზებული დაბრუნება საქართველოში გრძელდება


14.04.2020

14 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი  საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებულ პროცესზე. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელისუფლების მიდგომები, ამ შემთხვევაში, ითვალისწინებს არა მხოლოდ მოქალაქეების მექანიკურ გადაადგილებას „A-დან B წერტილში“, არამედ მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობას და ეტაპობრივ დაბრუნებას სამშობლოში, რა მიზნითაც გათვალისწინებულია ჯანდაცვის პროტოკოლის ძირითადი მოთხოვნები.

„დღეის მდგომარეობით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 5866 მოქალაქე. ეს სტატისტიკა განახლებადია ყოველ დღე და  სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ჯამში, ამ მომენტისთვის, თბილისის მიმართულებით  განხორცილედა 22 რეისი“, - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, რეისებისა და მიმართულებების დადგენა ხდება იმ მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ამა თუ იმ ქვეყანაშია სახეზე. 

მიხეილ ნინუას ინფორმაციით, ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის მიერ  საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით,  უკვე განხორციელდა 13 რეისი (06.03. თეირანი-თბილისი; 10.03. რომი-თბილისი; 10.03. რომი-თბილისი; 23.03. ბერლინი-ბათუმი; 24.03. ათენი-თბილისი (ეგეოსის ავიახაზები); 26.03. ვენა-თბილისი; 31.03. ამსტერდამი-თბილისი; 03.04. ბერლინი-თბილისი; 04.04. ლონდონი-ბათუმი; 07.04. ათენი-თბილისი; 10.04. ლარნაკა-თბილისი; 10.04. დოჰა-თბილისი; 12.04. ბერლინი-თბილისი), პოლონეთის ავიახაზებთან (LOT) თანამშრომლობით განხორციელდა 5 რეისი (16.03. ვარშავა-თბილისი; 17.03. ვარშავა-თბილისი; 17.03. ვარშავა-თბილისი; 28.03. ვარშავა-თბილისი; 03.04. ვარშავა-თბილისი), ბელარუსის ავიახაზების „ბელავია“ მიერ  3 რეისი (25.03. მინსკი-ერევანი; 29.03. მინსკი-ერევანი; 05.04. მინსკი-ერევანი), ხოლო ავიაკომპანია „Myways“-ს მიერ 1 რეისი (ურუმჩი-თბილისი).

მან ასევე დაასახელა უახლოეს მომავალში დაგეგმილი რეისები: 14.04. ამსტერდამი-თბილისი; 16.04. პარიზი-თბილისი; 18.04. თელ-ავივი - თბილისი; 21.04. რომი-თბილისი; 22.04. ერბილი-ბათუმი; 24.04. ბარსელონა-თბილისი; 27.04. ვარშავა-თბილისი; 30.04. მადრიდი-თბილისი; 02.05. პრაღა-თბილისი.

მინისტრის მოადგილის  განცხადებით, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია  ხორციელდება საამისოდ სპეციალურად შემუშავებული ელექტრონული განაცხადის ფორმით, ხოლო კომუნიკაცია დაგეგმილი რეისების შესახებ ხორციელდება ყველა შესაძლო არხის გამოყენებით.

მისი განცხადებით, ავიაკომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის ქმედითი დახმარების გაწევა, რათა პირველ რიგში მოხდეს მათი ბილეთებით უზრუნველყოფა, ბორტზე განთავსება და გამომგზავრება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული რეისებით ასევე სარგებლობენ ტრანზიტული მგზავრები, ვისთვისაც ხდება შესაბამისი საორგანიზაციო და ლოგისტიკური ხასიათის დახმარების გაწევა, კერძოდ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. გამგზავრების ჰაბებში შეუფერხებლად მოხვედრა. მისი ინფორმაციით, ასევე დიპლომატიური მისიები სახმელეთო მონაკვეთებზე უზრუნველყოფენ მოქალაქეებს შესაბამისი დერეფნებით და გადაადგილების საშუალებებით (ავტობუსები, მინი-ვენები). მისი განცხადებით, დიპლომატიური წარმომადგენლობები ეხმარებიან მოქალაქეებს ასევე ალტერნატიული მარშრუტების მოძიებაში, რომლებიც სხვა ავია-კომპანიების მიერ სრულდება.

პარლამნეტში გამოსვლისას მიხეილ ნინუამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არსებული შეზღუდვების ფონზე, კიდევ უფრო გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები, რის გამოც შეფერხდა რიგი ქვეყნებიდან ცხედრების ტრანსპორტირება.

„მიუხედავად ობიექტური ხასიათის შეზღუდვებისა, ჩვენი საკონსულო სამსახურები მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მარშრუტებისა და საშუალებების გამოყენებას. სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და რეგულაციების გათვალისწინებით, ადგილზე უზრუნველვყოფთ ცხედრების სათანადოდ შენახვას (რიგ შემთხვევებში - დროებით სასაფლაოებზე დაკრძალვას). ნებისმიერი ზომა მიიღება მხოლოდ ოჯახის წევრებთან კონსულტაციითა და მათი თანხმობის საფუძველზე. მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, 1 მარტიდან დღემდე საქართველოში გადმოსვენებულ იქნა 43 ცხედარი და მიმდინარეობს 15-ის გადმოსვენების პროცედურა. სახელმწიფო განაგრძობს გადმოსვენების პროცედურების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.