პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო კონკურსი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად 


23.01.2020

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) დახმარებით, აცხადებს საგრანტო კონკურსს, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 მარტამდე, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად!

საგრანტო კონკურსის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინდივიდუალურ ფერმერებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ან მუნიციპალიტეტებს, რომელთაც აქვთ სოფლის მეურნეობაში ინვესტირების სურვილი და ფინანსური შესაძლებლობები.

პროგრამაში მონაწილე ფიზიკური პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირებისთვის კი სავალდებულოა კომპანიის უმეტესი წილის მფლობელი იყოს საქართველოს მოქალაქე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ოდენობა უნდა იყოს:

მინიმალური - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

მაქსიმალური  - 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60%-ის თანადაფინანსება.

კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს:

I კატეგორიაში - სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ: ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ახალქალაქში, ხულოსა და ქედაში. გრანტი გაიცემა კაპიტალური ინვესტიციების დასაფინანსებლად, როგორიც არის: მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

II საგრანტო კატეგორიაში - გრანტები გაიცემა  ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, წალკის, ნინოწმინდის, ასპინძის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.  ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა-მეძროხეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა (წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).

საგრანტო კონკურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივის თანადაფინანსებასაც.

დაფინანსებას არ ექვემდებარება საოპერაციო და საბრუნავი ხარჯები: დასაქმებულთა ხელფასები, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის და სათესლე მასალების ხარჯი.

საგრანტო კონკურსის, მასში მონაწილეობის პირობებისა და განაცხადების წარდგენის თაობაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://enpard.ge/ge/faogrant/