პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ I ეტაპი დასრულდა


10.10.2019

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ I შესარჩევი ფაზა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების განაცხადების ძირითადი ფორმალური მოთხოვნების შესაბამისობა დაადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებით, საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გადალახა 17 ქვეყნიდან წარმოდგენილმა 64-მა პროექტმა, რომლის თაობაზეც წერილობით ეცნობებათ კონკურსში მონაწილე ყველა პირს.

კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. მეორე ეტაპის გამართვის თარიღისა და დროის თაობაზე წერილობით წინასაწარ ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ პროგრამის ამოცანაა, დიასპორაზე მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის შექმნის გზით, დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავება.