პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩი ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა 


30.01.2020

29 იანვარს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა დიასპორული გაერთიანების "ქართული სახლის" წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის დიასპორული ვებ-პორტალის "ქართული დიასპორა" (www.gda.ge) გაცნობა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარების პროცესში და ხაზი გაუსვა ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირში მყოფი დიასპორის მნიშვნელობას. აქვე, მან ესტონეთის ქართულ სათვისტომოსთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრის ფარგლებში, ინფორმაცია დიასპორული პორტალის (www.gda.ge) შექმნის მიზნებსა და იმ ფართო შესაძლებლობაზე, რასაც ვებ-პორტალი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სთავაზობს, თანამემამულეებს საელჩოს მეორე მდივანმა ნათია ვაშალომიძემ გააცნო.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, დიასპორული გაერთიანება "ქართული სახლი" (Diaspora Asotsiatsioon Gruusia Kodu) ინტენსიურად აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული სახის ღონისძიებებს. "ქართულ სახლს" ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან გორელაშვილი ხელმძღვანელობს. გაერთიანება 2009 წელს დაარსდა და ამჟამად, იგი ესტონეთის რესპუბლიკაში არსებულ 6 სათვისტომოსა და ერთ ქართულ საკვირაო სკოლას აერთიანებს.