პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს კონსული ოდესაში ქართულ საკვირაო სკოლა „ანა-ბანა“-ს ეწვია


28.09.2020

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ალაქ ოდესაში საქართველოს კონსულთორნიკე ბერეკაშვილი, საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად, კულტურულ -საგანმანათლებლო ცენტრ „ივერია“- სთან მოქმედ  ქართულ საკვირაო სკოლა „ანა-ბანა“-ს ეწვია.

სასწავლო წლის განახლების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას, აგრეთვე, ესწრებოდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრები, მათი უკრაინელი მეგობრები და მედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართეს და საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ქალაქ ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა, ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ივერია“- ს ხელმძღვანელმა შორენა გეგეშიძემ და ქ. ოდესის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართულ ტაძარში მოღვაწე მამა სერგიმ.

ღონისძიების ფარგლებში გაისხნა საბავშვო და მოზარდთა წიგნების ავტორის, მხატვარ ოქსანა ტოდოროვას გამოფენა, სადაც წარმოდგენილ იქნა მხატვრის ტილოზე ზეთით შესრულებული 30 ნამუშევარი, ასევე გაიმართა მისი წიგნების - «Одеса надихає!» და «Таємниця магічних кристалів. Пригоди Лесика та зачарованої Принцеси» პრეზენტაცია.

ამასთან, ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "ივერია"-ში მოეწყო საიუველირო სტუდია «RODONIT» -ის ნამუშევრების - ტიხრული მინანქრის ტექნიკით შესრულებული სამკაულების გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, ოდესაში მოქმედი კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ და მასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა „ანა-ბანა“ აქტიურ უწევს ორგანიზებას კულტურულ-შემოქმედებითი სახის ღონისძიებებს, ლიტერატურულ საღამოებს, ასევე კონკურსებს - „მოგზაურობა საქართველოში“ და ,,ჩემი სამშობლო’’. ცენტრი „ივერია“ 2010 წელს დაფუძნდა და ამჟამად, მისი ხელმძღვანელი გახლავთ უკრაინაში მცხოვრები თანამემამულე შორენა გეგეშიძე, საკირაო სკოლა "ანა-ბანა"-ს კი მეგი ლაშხია ხელმძღვანელობს.