პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში „ფრანკოფონია 2020“-ის კვირეულში მონაწილეობს


12.10.2020

დღეს, 12 ოქტომბერს, ქალაქ ოსლოში გაიხსნა ფრანკოფონიის ყოველწლიური კვირეული, რომელშიც წელს პირველად მონაწილეობას იღებს ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოც. ფრანკოფონიის 2020 წლის კვირეული ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) დაფუძნების 50-ე წლისთავს ეძღვნება.

საქართველო „ფრანკოფონია 2020“-ის გახსნით ღონისძიებაზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების დღის ფარგლებში, წარსდგა დოკუმენტური ფილმით „ფიროსმანი“. ფილმის ჩვენება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა მაია ყიფშიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩმა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო ოსლოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნის ელჩთა ერთობლივ ვიდეო-მიმართვაში ფრანკოფონიის შესახებ.

Covid-19-ის გლობალური პანდემიის გამო, წელს „ფრანკოფონია 2020“-ის კვირეული ოსლოში ნაწილობრივ ციფრულ ფორმატში გაიმართება, რომლის ფარგლებში, ასევე, ნაჩვენები იქნება ვიდეო მასალა, სადაც საუბარია საქართველოზე - როგორც ფრანგულ ენასა და კულტურასთან მჭიდრო კავშირის მქონე ქვეყანაზე.

ცნობისთვის, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 88 ქვეყანა - ფრანგულენოვანი ქვეყნები და საფრანგეთთან და ფრანგულ კულტურასთან მჭიდრო კავშირის მქონე სახელმწიფოები. საქართველო კი ორგანიზაციას 2004 წელს შეუერთდა, როგორც დამკვირვებელი ქვეყანა. გაწევრიანებიდან დღემდე, ჩვენი ქვეყანა, დამკვირვებელი ქვეყნი სტატუსით, აქტიურადაა ჩართული ფრანკოფონიის ორგანიზაციის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში და იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის რიგ სამიტებსა და საპარლამენტო ასამბლეის სესიებში.

ოსლოს „ფრანკოფონია 2020“-ის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს შესახებ დამატებითი ვიდეო მასალა გამოქვეყნდება 13 ოქტომბერს, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს ნორვეგიაში ფრანკოფონიის ფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/frankofonifestivalen

 

[ფოტო: "ფრანკოფონია 2020"ნორვეგიაში]