პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩომ კორეაში თანამემამულეებს უმასპინძლა 


27.01.2020

მიმდინარე წლის 24 იანვარს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ კორეაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამემამულეების ინფორმირებას დიასპორასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების თაობაზე.

შეხვედრის დასაწყისში მოეწყო პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ვებ-პორტალი – http://gda.ge/, განხილულ იქნა ვებ-პორტალის სტრუქტურა და შესაძლებლობები. თანამემამულეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ცალკეული სამთავრობო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი მომავალი გეგმების შესახებ.

ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამემამულეებს ესაუბრა 2020 წლისათვის საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ და მათი განხორციელების პროცესში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობებზე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას, აგრეთვე, მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს კორეის ცალკეულ ფონდებთან და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან დაგეგმილი გასატარებელი სამუშაოების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის კორეის უმაღლეს სასწავლებლებში 2020 წლისათვის სტიპენდიებისა და სხვა სახის დაფინანსების მოპოვება.