პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“ - დავით ზალკალიანი


18.09.2021

2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

„სახელმწიფო აცნობიერებს ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. ქვეყნის განვითარება დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, რაც აისახა ქვეყნის 2021 − 2024 წლების სამთავრობო პროგრამაში − „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, ასევე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით 2021 წელს პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი, რაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას ითვალისწინებს. „საქართველოს უაღრესად ამბიციური გეგმა აქვს - გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რაც მოითხოვს მთელი ერის კონსოლიდაციას და დიასპორის აქტიურ ჩართულობასა და მხარდაჭერას“ - აღნიშნა მინისტრმა. 

შესაბამისად, წლევანდელი „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ საკონკურსო კრიტერიუმებში ჩაერთო ისეთი თემატიკა, რომელიც ეხმიანება საერთო ევროპულ-ქართულ ღირებულებებს და მიზნად ისახავს საქართველო-ევროკავშირის არსებული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განმტკიცებას ამა თუ იმ მიმართულებით. 

„დიასპორას შეუძლია დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულოს წარმოშობისა და ადგილსამყოფელ ქვეყანას შორის, იგი ჩვენი ერთგვარი დესპანია, რომელსაც დიდი როლი აკისრია საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენასა და  ჩვენი კულტურის, ღირებულებების და ფასეულობების გავრცელებაში“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებები, საზღვარგარეთ მოქმედი კულტურული ცენტრების ქვეყნის ერთიან კულტურულ სივრცეში ჩართულობა, ჩვენი კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა. უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები აღნიშნული მიზნების განხორციელების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენენ. „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. 

საქართველოს სახელმწიფო აღიარებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარების პროცესში და საზღვარგარეთ მყოფი ახალგაზრდებისთვის ქმნის განვითარების მხარდამჭერ სისტემას, რაც უზრუნველყოფს როგორც მათი  პოტენციალის სრულად რეალიზებას, ასევე, საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით გრძელდება საგრანტო პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ („საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“). 

„პანდემიამ, როგორც გლობალურმა გამოწვევამ, მსოფლიოს აჩვენა, რომ კრიზისის დაძლევის გზა და სამყაროს მომავალი მხოლოდ ერთიანობაშია. პანდემიის, როგორც კრიზისულ, ისე პოსტ-კრიზისულ პერიოდში, სახელმწიფოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ თანამემამულეებს შორის უპრეცედენტო ერთიანობის  სანიმუშო მაგალითი შედგა და დარწმუნებული ვარ ეს ერთიანობა სხვა სახელმწიფოებრივი მიზნებისა და ამბიციების შესრულებაშიც შენარჩუნდება“ - განაცხადა სიტყვის დასასრულს მინისტრმა ზალკალიანმა.

დაჯილდოების ცერემონია სრულად შეგიძლიათ იხილოთ: