პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა 


25.11.2019

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ყოველწლიურ მიღებაზე უმასპინძლა. თანამემამულეების საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრები, საქართველოს სამხრეთ აფრიკელი მეგობრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორული საკითხების პრიორიტეტულობაზე და ხაზი გაუსვა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის ურთიერთკავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. საღამოს ფარგლებში, სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინო.

აღნიშნული მიღება ტრადიციულ სახეს ატარებს და მას საქართველოს საელჩო ყოველწლიურად აწყობს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველების ურთიერთდაკავშირებისა და სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მიზნით.

ზემოაღწერილი ღონისძიების გარდა, აღსანიშნავია ასევე ამა წლის 16 ნოემბერს, პრეტორიაში გამართული საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა, რომელშიც საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა ორგანიზებული იყო აფრიკაში აკრედიტებული ელჩების მეუღლეების ასოციაციის მიერ, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის მეუღლე ნინო ლეჟავა.