პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშობლო თქვენ გვერდით არის! - დავით ზალკალიანის მიმართვა დიასპორას 


24.03.2020

ძვირფასო თანამემამულეებო,

სრულად ვაცნობიერებთ, რომ არსებულმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები. ბევრი მათგანი ვერ ახერხებს სამშობლოში დროულად დაბრუნებას, ბევრი მათგანი იმყოფება მაღალი დაინფიცირების ქვეყნებში და შედეგად განსაკუთრებული სტრესის ქვეშ.

მინდა მოგმართოთ ყველას და დაგამშვიდოთ - საქართველოს მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება, უპირველესად, ჩვენი მოსახლეობის და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. ჩვენმა სახელმწიფომ არსებულ ვითარებაში გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე, მართლაც, სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების გატარება, რასაც აღიარებენ ჩვენი პარტნიორები.

თქვენთვის ცნობილია, რომ გლობალურად, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, იმისთვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს მისცემოდათ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები განეხორციელებინა კომპანია „საქართველოს ავიახაზებს“. სწორედ საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ეტაპობრივად და მთავრობასთნ მჭიდრო კოორდინაციით, მოხდება მიმართულებების განსაზღვრა და ფრენების განრიგის დაგეგმვა. უახლოესი კვირეების განმავლობაში, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია „საქართველოს ავიახაზების“ მიერ სპეციალური კომერციული რეისები შემდეგი მიმართულებებით:

რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ, ასევე, შემდგომი რეისების დაგეგმვაზე. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები დაგეგმილი ჩარტერული რეისების საშუალებით ეტაპობრივად დაბრუნდებიან სამშობლოში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საკარანტინო მომსახურებით, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ როგორც პირადად მათი, ისე მათი ახლობლების დაინფიცირების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა დაბრუნების პროცესში გვმართებს მეტი სიფრთხილე იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის რესურსები რაციონალურად იქნეს გადანაწილებული.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. დღეს, ამ მომენტში, ქართველი დიპლომატების მთავარი საზრუნავი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათი თანადგომა. 24-საათიან რეჟიმში ვიღებთ მონაცემებს დ მათი საჭიროებების შესახებ ვახდენთ ანალიზს, ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ხშირად დიპლომატების პირადი სახსრებით ხდება მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. გასათვალისიწინებელია, რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი მოცულობის საელჩოები და გვაქვს შეზღუდული რესურსი. მაგრამ ამის მიუხედავად, სრულიად ფოკუსირებულნი ვართ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე.

დიპლომატები, ისევე როგორც თქვენ, იმყოფებიან სამშობლოსგან შორს ოჯახის წევრებთან ერთად და ამ რთულ მომენტში, აკისრიათ როგორც თქვენი, ასევე საკუთარი ოჯახის წევრების დაცვის ფუნქცია. ამიტომ, გთხოვთ, გავუფრთხილდეთ, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ვმუშაობთ და ავამოქმედებთ დამატებით მექანიზმს, მათ შორის, დიასპორული ორგანიზაციების, საპატიო კონსულების ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით, რათა უცხოეთში მყოფი არც ერთი ჩვენი მოქალაქე ამ ურთულეს პერიოდში არ დარჩეს ელემენტარული პირველადი საჭიროების გარეშე.

ჩვენ დავიწყეთ თბილისიდან ყოველდღიური კონსულტაცია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინდა მადლიერება გამოვხატო ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართ. მათი ექსპერტები ყოველდღიურად, გარკვეული საათების განმავლობაში მოდიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის გავრცელების დინამიკა საკმაოდ მაღალია, ჩვენს მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ ონლაინ რეჟიმში, აძლევენ მათ შესაბამის რჩევებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ კრიზისულ სიტუაციაში.

საქართველო, მიუხედავად მისი მწირი რესურსისა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც ეპიდემიის აფეთქების კერებიდან ოპერატიულად გამოიყვანა თავისი მოქალაქეები და შედეგად საქართველოს 3000-მდე მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში. მაშინ, როდესაც ეს მარტივად გადასაჭრელი საკითხი არ აღმოჩნდა ბევრი სახელმწიფოსთვის, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს, რომ არ განიხილავდნენ საზღვარგარეთ დარჩენილი საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს.

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ვინც დღესაც აგრძელებს საქართველოს დახმარებას, როგორც არსებული საჭიროების მოგვარების მიზნით, ასევე პოსტ-კრიზისული ვითარების დასაძლევად.

ჩვენი მოქალაქეების ორგანიზებული გამოყვანა მოხდა ჩინეთიდან, სადაც განხორციელდა ერთი ჩარტერული რეისი და ამის გარდა, 2-ჯერ ჩვენი პარტნიორების - საფრანგეთისა და თურქეთის დახმარებით გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები; ასევე, იტალიიდან, სადაც განხორციელდა 2 ჩარტერული რეისი და დღემდე ვრჩებით ერთადერთ სახელმწიფოდ, ვინც ორგანიზებულად წამოიყვანა საკუთარი მოქალაქეები; ირანიდან, სადაც  განხორციელდა, ასევე, ჩარტერული რეისი და ამის გარდა, სახმელეთო გზით ორგანიზებულად მოხდა მოქალაქეების წამოყვანა. ჩვენ მოქალაქეები წამოვიყვანეთ პოლონეთიდან, სადაც პოლონურ მხარესთან - კომპანია „LOT”-თან მოლაპარაკებით, მაშინ როდესაც პოლონეთი დახურული იყო საერთაშორისო ფრენებისთვის, განხორციელდა რამდენიმე ჩარტერული რეისი, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამომგზავრება და ადგილზე ურთულეს პირობებში რჩებოდნენ, დავაბინავეთ. ჩვენ მოქალაქეები გამოვიყვანეთ, ასევე, ბულგარეთიდან, სადაც ჩაკეტილი საზღვრების გამო ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე გაჩერებული საქართველოს 90 მოქალაქე გამოვამგზავრეთ სამშობლოში და დანარჩენები ადგილზე დავაბინავეთ; ეგვიპტიდან, საიდანაც ფრენების გაუქმების შედეგად ჩარჩენილი სტუდენტები წამოვიყვანეთ; უკრაინიდან, სადაც ჩარტერული რეისის გამოყენებით ჩამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები და ასევე, ათენიდან, საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება უახლოეს დღეებში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მფრინავებს, ბორტგამცილებლებს, ტექნიკურ პერსონალს შესრულებული სამუშაოსთვის. ამგვარი მაგალითები უამრავია და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს თანამემამულეებს ვეხმარებით როგორც გამომგზავრებასთან დაკავშირებულ, ისე ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია და სწორედ მათი დაუღალავი შრომით და თანადგომით გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და დღეს, სამშობლო თქვენ გვერდით არის! ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ცხელი ხაზის ნომრებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საელჩოების ვებ-გვერდებზე და სამინისტროს აპარატის ცხელ ხაზზე (+995 32 294 50 50). კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!