პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშობლოში დასაბრუნებლად, სუბსიდირებული ფრენები აგვისტოსა და სექტემბერშიც შესრულდება


10.07.2020

9 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოშო დაბრუნების საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა ის სამი შესაძლებლობა, რომლითაც არსებულ სიტუაციაში შეუძლიათ ისარგებლონ სამშობლოში დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა, ასევე, აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში დასაბრუნებლად, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული ავიარეისები, ივლისის გარდა, შესრულდება აგვისტოსა და სექტემბერშიც.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამჟამად, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სამშობლოში დაბრუნება, შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ავიარეისებით:

  1. სპეციალური რეისები, რომელიც კვლავ აღდგა. სპეცრეისები განხორციელდება 2 ავიაკომპანიასთან ერთად - „Wizz Air“ და „Myway“. ეს რეისები არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან და მათი ფასი არ აღემატება 200 ევროს. მათი მიმართულებებია: ვარშავა, ბარსელონა,  რომი, პარიზი, ათენი. ყველა ამ მიმართულებიდან განხორციელდება სპეციალური რეისი ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნებისათვის;

„მინდა დავაწყნარო ჩვენი თანამემამულეები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდეს - ეს არ იქნება მხოლოდ ივლისის თვეში, ის შესაძლებელია გახანგრძლივდეს აგვისტოში და სექტემბერშიც. ეს იქნება დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე და ანალიზზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ საქართველოს საელჩოებიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, იმის შესახებ თუ სად გროვდება კრიტიკული მასა ადამიანების, ვისაც აქვს სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნების სურვილი და შესაძლოა ეს მიმართულებებიც, გამომდინარე ამ ინფორმაციიდან, გადაიხედოს. მაგრამ ივლისში, აგვისტოში და სექტემბერშიც ეს სპეცრეისები გაგრძელდება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

  1. ეკონომიკის სამინისტრო არის მოლაპარაკების რეჟიმში ავიაკომპანიებთან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. უკვე არის დადასტურებული, რომ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან „Lufthansa“ განაახლებს რეგულარულ ფრენებს - კვირაში განხორციელდება ორი რეისი. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „Air Baltic“-თან და „Air France“-თან აგვისტოს თვიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით;

 

  1. ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ შეასრულებს კომერციულ ჩარტერულ რეისებს ვენიდან, ამსტერდამიდან და თელ-ავივიდან. [ფრენების განრიგი]