პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში საქართველოს საელჩოს საახალწლო მიმართვა დიასპორისადმი


31.12.2020

ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო,

გვინდა გულითადად მოგილოცოთ დამდეგი შობა და ახალი წელი!

ყოველგვარი გადამეტების გარეშეა და უაღრესად საამაყოა, რომ შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში მცხოვრებ თანამემამულეებს მნიშვნელოვანი, მაღალპროფესიული წვლილი შეაქვთ საქართველოს პოპულარიზაციისა და, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნების ურთიერთობების განვითარების საქმეში. ვგულისხმობთ სხვადასხვა მიმართულებასა და სფეროს, როგორიცაა ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება, განათლება, სპორტი, ტურიზმი, ბიზნესი და სხვა.

ბუნებრივია, პანდემიით გამოწვეული გლობალური საფრთხეების გათვალისწინებით, 2020 წელი მთელი მსოფლიოსათვის იყო საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე. ჩვენც უამრავი შემაფერხებელი ფაქტორის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ამის მიუხედავად, შვეიცარიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად შევძელით საკმაოდ მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი, შედეგებზე ორიენტირებული პროექტების ერთობლივი დაგეგმვა და მათზე ერთობლივად  მუშაობა.

არაერთ თქვენგანთან ბოლო ხანს გამართული შეხვედრებისას მივსულვართ მარტივ დასკვნამდე, რომ პირველი რიგის ამოცანა მაინც საზღვარგარეთ ჩვენს ახალგაზრდა თაობაში ქართული ენისა და კულტურის ღირსეული შენარჩუნებაა. ვამაყობთ, რომ, პირველ ყოვლისა, თქვენი მონდომებითა და ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა ქართული საკვირაო სკოლების გახსნა და ფუნქციონირება ქ. ციურიხში, ქ. ლოზანაში, ქ. ბაზელში. მიმდინარეობს მუშაობა  ქარული საკვირაო სკოლისა და ბიბლიოთეკის დაარსებისათვის ქ. ბერნსა და სხვა ქალაქებში.

რა თქმა უნდა, 2021 წელს გავნაგრძობთ მუშაობას თითოეული თქვენგანისა და საელჩოს ახალი ინიციატივების მაქსიმალური განხორციელებისთვის და, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში მეტი სტუდენტის, მეტი ახალგაზრდა თანამემამულის აქტიური ჩართულობა.

აქვე, გვსურს გაუწყოთ, რომ საელჩოს მიერ შემუშავებულია და ვითარდება პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება კულტურის, მეცნიერების, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში თქვენი აქტიური ჩართულობით საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი პლატფორმის ჩამოყალიბებაში.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების შენარჩუნება და გაღრმავება საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტსა და ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო პერიოდში  შემუშავდა და კვლავაც გაგრძელდება სხვადასხვა დიასპორული ინიციატივის მხარდამჭერი პროგრამები.

ძვირფასო თანამემამულენო,

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2021 წელს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, მრავალ ბედნიერ და სასიხარულო მომენტს თქვენს ცხოვრებაში, კეთილდღეობასა და წარმატებებს! 

საქართველოს საელჩო

ქ. ბერნი