პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა


10.10.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ მხარდაჭერით, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით და ციურიხში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის - "GeoHaus"-ის საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით, რომლის შემადგენლობაში არიან ზვიად არაბიძე, თამუნა კორძაძე და ია არაბიძე, საკვირაო სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო.

შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს სკოლაში  შეუძლიათ დაეუფლონ ქართულ ენას და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი სახის აქტივობაში.

საკვირაო სკოლის მისამართია - Altstadthaus Obmannamtsgasse 15, 8001 Zürich.

სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ თანამემამულეებს  შეუძლიათ ტელეფონის საშუალებით - 0041 76 44 333 44 - ზვიად არაბიძე; 0041 765292576 - თამუნა კორძაძე; 0041 79 5 117 117 - ია არაბიძე  ან ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]   

ცნობისთვის, ქალაქ ციურიხში ქართული საკვირაო სკოლის გახსნის ინიციატივა ერთ-ერთია იმ 73 დიასპორულ პროექტთაგან, რომელსაც მხარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2019-2020 წლებში დაუჭირა. აღნიშნული ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს დიასპორულ საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ჩართულობის მაღალი დონის უზრუნველყოფას, უცხოეთში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული იდენტობის, ქართული ენისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას. საგარეო უწყება „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ყოველწლიურად აცხადებს ღია კონკურსს დიასპორული პროექტების დასაფინანსებლად. დღეის მონაცემებით, აღნიშნული საგრანტო პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, საერთო ჯამში, უცხოეთში მყოფ 50 000-მდე თანამემამულეს შეადგენს.