პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სლოვენიის ქ. პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა


15.10.2021

2021 წლის 14 ოქტომბერს, სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო სლოვენიის ქ. პორტოროჟში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში. აღსანიშნავია, რომ სლოვენიაში პირველად გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო.

დავით ზალკალიანმა ანდრეი მალგაის მიულოცა საპატიო კონსულად დანიშნვა და ხაზი გაუსვა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას სლოვენიის სატრანსპორტო ცენტრში - პრიმორსკას რეგიონში. მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში და ხაზი გაუსვა სავაჭრო, საინვესტიციო და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში საპატიო საკონსულოს როლს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საპატიო საკონსულოს გახსნით, საქართველო - სლოვენიის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ანდრეი მალგაის წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა სლოვენიის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძემ და საპატიო კონსულმა ანდრეი მალგაიმ.