პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტალინში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


28.09.2019

ა.წ. 28 სექტემბერს, ესტონეთში ქართულ სათვისტომოსთან არსებულ ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ საკვირაო სკოლაში "მზიური" ახლი სასწავლო წელი დაიწყო.

2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საკვირაო სკოლას ეწვია ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი ნათია ვაშალომიძე. საელჩოს წარმომადგენელმა საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა. ქართული ენის ადაპტირებული სახელმძღვანელოები სპეციალურად საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შეიქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა საკვირაო სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა წარმოადგენს.

ტალინში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლა „მზიური“ უკვე წლებია ფუნქციონირებს და ქეთევან ფალელაშვილის ხელმძღვანელობით, იგი აქტიურად უწყობს ხელს ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ესტონეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში.