პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება


08.10.2019

UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეს მიერ საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ და თბილისის მერიამ, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით, განაცხადი მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებში თბილისი 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა ლიტერატურული და კულტურული სახის ღონისძიებას უმასპინძლებს. პროგრამა ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციის გაზრდაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

"ქ. თბილისის გამარჯვება ძალზედ რთულ და კონკურენტულ შერჩევით პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა UNESCO-სთან ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში. UNESCO-ს აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ცენტრის კიდევ ერთი აღიარებაა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს, ვაკის მედიათეკაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გამართულ  ბრიფინგზე.

თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული პოტენციალის ზრდას და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.