პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"თბილისობა ოდესაში 2019"


05.10.2019

ა.წ. 5 ოქტომბერს, ქ. ოდესაში, საქართველოს საკონსულოს, კონსულის თორნიკე ბერეკაშვილისა და უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სანდრო თოფურიას ორგანიზებით, გაიმართა ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა ოდესაში 2019“.

„თბილისობის“ აღსანიშნავ მასშტაბური სახის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წევრები, ქ. ოდესაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ოდესის მაცხოვრებლები.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი სახის პროგრამა, მათ შორის, მოეწყო ქართული ტრადიციული სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ქართული ღვინის დეგუსტაცია, კულინარიული მასტერ კლასები, ვიქტორინები და სხვა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ადგილზე გასცნობოდნენ საწნახელში ყურძნის დაწურვის უძველეს ქართულ ტრადიციას და დაემზადებინათ ქართული ტკბილეული - ჩურჩხელა.

ღონისძიების საკონცერტო პროგრამა დაიწყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნისადმი პატივის მიგებით.

მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ უკრაინის ხალხური მხატვრული კოლექტივი, ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „საქართველო“, მომღერალი ნიკოლას უჩავა, ასევე ქართული საკვირაო სკოლა „ანა-ბანას“, ცენტრ „ივერიას“ ნორჩი წარმომადგენლები და მათი უკრაინელი მეგობრები - ეროვნული კაზაკური გუნდი „Козацьке коло“ ლარისა კოზლოვსკას ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ ქ. ოდესაში სპეციალურად "თბილისობის" აღსანიშნავად საქართველოდან ჩავიდნენ ქართული ესტრადის ვარსკლავები - მომღერალი ნინო ჩხეიძე, მუსიკოსი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი და ჯგუფი “DUDU BAND”.

ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა ოდესაში 2019“ გაიმართა ადგილობრივი ქართველი ბიზნესმენების აქტიური მხარდაჭერით. მასშტაბური სახის ღონისძიება ასევე გაშუქდა უკრაინული მედიის მიერ.