პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში ახალი ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა


09.01.2020

მიმდინარე წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის საკრებულოში გაიმართა ახალი დიასპორული ორგანიზაციის - ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია. ფონდი მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების კონსოლიდაციას და მათ ჩართვას ქვეყნაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში.

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ შექმნის ინიციატორია ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე თანამემამულე თიკა სვანიძე-ვენკო. იგი ასევე გახლავთ ამსტერდამში პირველი ჰოლანდიურ-ქართული კომპანია „თიკა-ტურს-ჯორჯია“-სა და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.  

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ფონდი გახდება საუკეთესო მაგალითი ძლიერი და ერთიანი დიასპორული ორგანიზაციისა, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად, უზრუნველყოფს უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციასა და დიასპორის აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, - აღნიშნა თიკა სვანიძე-ვენკომ დიასპორული ფონდის დაარსების პრეზენტაციაზე.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიშა ნინუამ კი განაცხადა: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ახალი დიასპორული ორგანიზაციის შექმნას, რომელიც მიმართულია დიასპორული ორგანიზაციების, ქართული დიასპორის გაერთიანებისაკენ, რათა ერთად, ერთობლივი ძალებით განხორციელდეს ის საქმიანობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და საქმიანობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“.  

პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფონდსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ფონდის მეშვეობით აფხაზეთის პრობლემატიკის უფრო ფართოდ გატანას საერთაშორისო არენაზე, ასევე ფონდის საშუალებით კავშირის დამყარებას იმ თანამემამულეებთან, რომლებიც გახლავთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და დღეს, იმყოფებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საპატრიარქოს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.