პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში ქართული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა


19.12.2022

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით, 2022 წლის 17 დეკემბერს გაიმართა თესალონიკის ქართული თეატრალური დასის და ანსამბლ „მამულის“ მიუზიკლის  - „კურკას ქორწილის“ პრემიერა.

სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ ქართველი ემიგრანტები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პრემიერის შესახებ სიუჯეტი მომზადდა ადგილობრივ მედიაში. საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია TV-100 ჟურნალისტს. ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა იმართება ქართული კულტურის ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების არაერთი გამოფენა, პოეზიის საღამო და ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები.

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის თესალონიკის ქართული თეატრალური დასის და ანსამბლ „მამულის“ თითოეულ წევრს შესანიშნავი სპექტაკლისთვის და დაუღალავი შრომისთვის, ქართველი ემიგრანტებისთვის საღამოს შექმნისთვის განსაკუთრებული მადლობა თეატრალური დასის ხელმძღვანელს, რეჟისორს მალხაზ რაზმაძეს.