პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში ისტორიული ქართული დიასპორების სახალხო ზეიმი გაიმართა


24.08.2019

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ქ. ბურსის ქარაჯაბეის რაიონის სოფ. ბოღაზქოიში ჩატარდა თურქეთის ისტორიული ქართული დიასპორების რიგით მე-6 ყოველწლიური სახალხო ზეიმი - “Marioba Şenliği”.

„მარიობის“ ტრადიციულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის მასშტაბით არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა და ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ინგა კიკვაძემ. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას ქართული კულტურისა და ხელოვნების თურქეთის რესპუბლიკაში პოპულარიზაციის კუთხით. ამასთან, ზეიმზე წაკითხულ იქნა საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას მისასალმებელი წერილი.

თავის მხრივ, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ანკარაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართით გამოჩენილი ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზაობა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.