თურქეთში ქართული დიასპორების ყოველწლიური სახალხო ზეიმი გაიმართა


26.08.2019

ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ქ. ბურსის ქარაჯაბეის რაიონის სოფ. ბოღაზქოიში ჩატარდა თურქეთის ისტორიული ქართული დიასპორების ყოველწლიური, რიგით  მე-6, სახალხო ზეიმი - "Marioba Şenliği".

ქართული დიასპორების ზეიმში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის მასშტაბით არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა და ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ინგა კიკვაძემ. სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობას ქართული კულტურისა და ხელოვნების თურქეთის რესპუბლიკაში პოპულარიზაციის კუთხით. ამასთან, ზეიმზე წაკითხულ იქნა საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას მისასალმებელი წერილი.

თავის მხრივ, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ანკარაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართით გამოჩენილი ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზაობა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.