პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში საქართველოს ელჩი ბურსასა და ბოღაზქოის ქართული დიასპორის წევრებს შეხვდა 


24.01.2020

23 იანვარს, თურქეთში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორული ორგანიზაციების - „ბურსის ბათუმელთა კულტურისა და დახმარების საზოგადოებისა“ და „ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.

თანამემამულეებთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საელჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარებაა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე დიასპორულ პროგრამებსა და უწყების სამომავლო ინიციატივებს დიასპორის კუთხით. თანამემამულეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების ამჟამინდელი საქმიანობისა და მათი მომავალი გეგმების თაობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, მათ შორის, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ,,ბურსის ბათუმელთა კულტურისა და დახმარების საზოგადოება“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული დიასპორული ორგანიზაციაა თურქეთის რესპუბლიკაში. იგი ჯერ კიდევ 1987 წელს დაარსდა ი. ჰაქქი ჰათიფოღლუს, ჯევდეთ ქაზანჯის, ისმაილ ერენის, ზექერია ჩევიქისა და ექრემ ე. ილდიზის მიერ. ამჟამად, ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ხელოვანი ეშრეფ შენთურქი. ,,ბურსის ბათუმელთა კულტურისა და დახმარების საზოგადოება“ აქტიურად უწევს ორგანიზებას ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ თუ კულტურული სახის ღონისძიებებს.

რაც შეეხება „ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციას“, მისი ხელმძღვანელი გახლავთ დოღან ილმაზი. ასოციაციაში გახსნილია ქართული ენის შემსწავლელი კურსები და ფუნქციონირებს ქართული ცეკვის ანსამბლი. „ბოღაზქოის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაცია“ 2017 წელს დაფუძნდა დოღან ილმაზის, მურათ აქდემირის, ადნან ილმაზის, შენოლ ქუშის, იბრაჰიმ ქუშის, ქემალ სევინჩისა და ეშრეფ ილმაზის ინიციატივით.