თურქეთში საქართველოს ელჩი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


17 ივნისს თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე და აღნიშნა ის ინიციატივები, რაც უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად.

საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით  სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას სიტვით მიმართა  საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს. მან აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან,  საქართველოს ელჩმა ანსამბლის ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს სამადლობელი წერილი გადასცა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ და ანსამბლის ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს სიგელი გადასცა.

თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ანსამბლის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. კონცერტს ასევე ესწრებოდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები, ქ. სტამბოლის მერიის წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები.

http://mfa.gov.ge/News/turqetshi-saqartvelos-elchi-diasporis-carmomadgenl.aspx?CatID=5