პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ თანამემამულეებს „სპარის“ სასურსათო ვაუჩერები გადაეცათ


29.04.2020

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას და პირველადი საჭიროების ნივთებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას, რომელნიც ახალი კორონავირუსის (COVID-19)გავრცელების შედეგად, რთულ მდგომარეობასა და მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ასევე, გრძელდება საქართველოს საგარეო უწყებისა და კომპანია “SPAR საქართველოს“ ერთობლივი აქციაც, რომლის ფარგლებში „სპარის“ სასურსათო ვაუჩერები, ამჯერად, გადაეცათ უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

კერძოდ, უკრაინაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, ქალაქ კიევში, კიევის ოლქსა და დასავლეთ უკრაინაში დროებით მცხოვრებ საქართველოს 23 მოქალაქეს, მათ შორის  სტუდენტებს, ოჯახებს მცირეწლოვანი შვილებით, შექმნილი მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩენილ პირებს, რომლებიც არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები, გადაეცათ საერთაშორისო სასურსათო მაღაზიათა ქსელ “SPAR”-ის სურსათის ვაუჩერები. ასევე, უკრაინის ქალაქ დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ ქალაქ ხარკოვში მყოფ საქართველოს 29 მოქალაქეს გადასცა აღნიშნული ვაუჩერები.

23 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს კონსულმა მარიამ წერეთელმა სასურსათო ვაუჩერები გადასცა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ჩვენს 8 თანამემამულეს.

გარდა ამისა, ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულო სამსახურის მხრიდან აღნიშნული ვაუჩერები გადაეცა ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ წინასააღდგომოდ, საბერძნეთში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრთან თანამშრომლობით, 17 და 18 აპრილს, სასურსათო ქსელ ,,SPAR”-ის ვაუჩერების საშუალებით 247 ბენეფიციარი უზრუნველყო საკვები პროდუქტებით.

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას.

"SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე “SPAR INTERNATIONAL”-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL"-ის დახმარებით, მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება. “SPAR INTERNATIONAL“-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 000-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ათასობით მოქალაქეს გაეწია დახმარება.

29 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17 072 მოქალაქეს, ხოლო სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 8 563 მოქალაქე.