პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინაში საქართველოს ელჩი ხარკოვში დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა


02.03.2020

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, ხარკოვის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს ეწვია და შეხვედრა გამართა, ადგილობრივი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე ხარკოვის ოლქში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს გააცნეს მათი საქმიანობა, ისაუბრეს პრობლემატურ საკითხებსა და მათი მოგვარების გზებზე.

თავის მხრივ, ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ დამსწრეებს წარუდგინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქართულ დიასპორებთან მიმართებაში, გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური დიასპორული ვებ-პორტალი - www.gda.ge და აუხსნა მისი გამოყენების მნიშვნელობა.

საქართველოს ელჩი,  აგრეთვე, გაეცნო ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულის ალექსანდრა ჩიხლაძის საქმიანობას და მასთან ერთად დასახა საპატიო საკონსულოს სამომავლო საქმიანობის გეგმები.

შეხვედრის დასასრულს, ელჩმა და საელჩოს საკონსულო სამსახურის უფროსმა ნანა ჩაბრავამ უპასუხეს დიასპორის წარმომადგენელთა შეკითხვებს.

ხარკოვის ოლქში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციები აქტიური საქმიანობით გამოირჩევა. ამ მხრივ, აღსანიშნავია ხარკოვის საოლქო ეროვნულ-კულტურული საზოგადოება „საქართველო“, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ინტენსიურად მართავს კულტურულ-შემოქმედებითი სახის ღონისძიებებს და მონაწილეობას იღებს ადგილობრივ კონკურსებში. ორგანიზაციასთან მოქმედებს ქართული საკვირაო სკოლა და ცეკვის ანსამბლი „იმედი“. „საქართველო“ 2010 წელს დაარსდა, ხელმძღვანელი კი გახლავთ ნონა გოგოხია. აქვე, აღსანიშნავი ხარკოვის ოლქის ქართული საქველმოქმედო საზოგადოება „მეტეხი“, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციას ნინო ცხვედაძე ხელმძღვანელობს და იგი ყოველწლიურად მართავს ფესტივალებს - „მეტეხი აგროვებს მეგობრებს“ და „ცეკვავს და მღერის კავკასია“. საზოგადოებასთან ფუნქციონირებს კირილ შელიას სახელობის ანსამბლი „მეტეხი“ (ხელმძღვანელები: დავით დათაშვილი, ანა მაისურაძე) და შოუ ბალეტი «Душа Кавказа». ქ. ხარკოვში, აგრეთვე, 2008 წლიდან მოქმედებს საზოგადოებრივი გაერთიანება „ერთიანი საქართველო“ თამაზ თევდორაძის ხელმძღვანელობით, სადაც  ფუნქციონირებს ქართული ანსამბლი - „ჯორჯია“ (ხელმძღვანელი: მალხაზ ჯალაღონია) და ხარკოვის საზოგადოებრივი გაერთიანება „საქართველო’’ და მასთან არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი „კოლხეთი“, რომელიც 2002 წელს დაარსდა, ხელმღვანელი კი არის ზურაბ ქირია.