პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„უთქმელი ამბები - დაბრუნებული ქართველი მიგრანტების ფოტოისტორიები“


23.04.2020

პუბლიკაცია „უთქმელი ამბები - დაბრუნებული ქართველი მიგრანტების ფოტოისტორიები“ მოიცავს იმ ქართველი მიგრანტების ამბებს, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM – UN Migration Agency) დახმარებით ცხოვრება თავიდან დაიწყეს.

აღნიშნულ პუბლიკაციაში სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი თანამოქალაქეები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მიგრაციისა და დაბრუნების შესახებ იმ იმედით, რომ შესაძლოა მათი ისტორიები ჩვენს სხვა თანამემამულეებს დაეხმაროს მიგრაციასთან დაკავშირებით გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში ორივე შემთხვევაში, როდესაც ისინი ფიქრობენ სამშობლოში დაბრუნებაზე, ან პირიქით, გეგმავენ თავიანთი ქვეყნის დატოვებას.

„ეს არ გახლავთ უბრალოდ ისტორიები წარმატებისა თუ მარცხის შესახებ - მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თითოეულ ისტორიას საფუძვლად უდევს ძლიერი ადამიანური ფაქტორი!“ - სანია ჩელებიჩ ლუკოვაც, გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM – UN Migration Agency) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

 

ნესტან დავითაძე 33 წლის / სოფელი ბობოყვათი

არასდროს მიფიქრია, რომ საზღვარგარეთ მომიწევდა წასვლა სამუშაოდ ოდესმე. ამის მერე უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი. არ მეგონა, ამდენის გაკეთებას თუ შევძლებდი, ახლა კიდევ ვიცი, რომ ყველაფერი შემიძლია.

პროფესიით ფილოლოგი ვარ და ახლა ვემზადები კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდებისთვის. მყავს მეუღლე და ორი შვილი - 7 და 8 წლის, ბიჭები. მეუღლე, სამწუხაროდ, უმუშევარია. დაცვის პოლიციაში მუშაობდა, მაგრამ შეამცირეს. ზაფხულობით დადის თურქეთში ჩაის საკრეფად. ჩვენი მანდარინი გვაქვს, რაც ასევე შემოსავლის წყაროა, მე სკოლაში ვარ. ჩემს მეუღლეს რომ გავყევი, მერე შევიძინეთ ეს სახლი. რთული იყო ამხელა თანხის გადახდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საბერძნეთში წასვლა, რომ მემუშავა, დამეგროვებინა ფული და ჩამოვსულიყავი. 2017 წელს წავედი წელიწადნახევრით. თავიდან ბებიას ვუვლიდი, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, მერე ბავშვს - ალბათ შვილების მონატრებას ამით ვინაზღაურებდი, მაგრამ მაინც ვერ გავუძელი და ჩამოვედი. მინდოდა ჩემს ოჯახთან ყოფნა.

მეტის ნახვა

ნიურა ნიქაბაძე 72 წლის / ქუთაისი

2006 წელს წავედი და 12 წელი საბერძნეთში გავატარე. ახლა კი შინ ვარ და ქუთაისის ცენტრში ოჯახის წევრებთან ერთად კაფეც გვაქვს - სანაყინე.

2006 წელს საბერძნეთში წავედი და 12 წელი იქ გავატარე. მიმართლებდა, სულ კარგ ოჯახებში ვხვდებოდი. 2018-ში ჩამოვედი, დასვენების დღე საერთოდ არ მქონია. ემიგრაციაში ყოფნისას თვეში ერთხელ თუ გავყვებოდი ავტობუსს, რომ ოჯახისთვის ფული გამომეგზავნა და იმავე ავტობუსით სამუშაოზე ვბრუნდებოდი. ახლა კი შინ ვარ და ქუთაისის ცენტრში ოჯახის წევრებთან ერთად კაფეც გვაქვს - სანაყინე. ნაყინის აპარატი, როგორც დაბრუნებულ მიგრანტს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემიძინა. 7 ადამიანი უკვე გვყავს დასაქმებული და კიდევ ვფიქრობთ გაფართოებაზე; ვაფლს ჩემით, სახლში ვამზადებ და მომაქვს ყოველ დილით, თან სამზარეულოშიც მიყვარს ტრიალი. ეს ადგილი ქალაქის ცხოვრებას თავის ნიშანს ამჩნევს. იმიტომ, რომ ასეთი კაფე ქუთაისში არც ისე ბევრია. სულ სხვადასხვა ასაკის ადამიანები დადიან. მგონია, რომ კმაყოფილები არიან, რაც ძალიან მახარებს. ასევე, ქუთაისში უკვე ცნობილი პიცაც გვაქვს, მაგრამ დამატება გვინდა კიდევ რაღაცების. ვნახოთ, როგორ გამოგვივა.

მეტის ნახვა

ლევან ჭავჭანიძე 44 წლის / ფოთი

მთლიანობაში 9 თვე ვიყავი წასული. პირველი, რაც გავაკეთე, რომ ჩამოვედი, ოჯახს ჩავეხუტე.

სანამ ირლანდიაში წავიდოდი, პატარა სამშენებლო კომპანია მქონდა, მაგრამ კომპანიაში დაიწყო პრობლემები და დიდი ვალი დამედო, რომელსაც ვერ ვიხდიდი. გადავწყვიტე წავსულიყავი, მემუშავა და ყველაფერი გამესტუმრებინა. ბანაკში ვცხოვრობდით თავიდან, მაგრამ მერე გადანაწილება რომ მოხდა, აღმოვჩნდი ფსიქიატრიულში - ასე გადაანაწილეს. ეს იყო საშინელება! იქ ნამდვილად ვერ გავუძელი. მთლიანობაში 9 თვე ვიყავი წასული. პირველი, რაც გავაკეთე, რომ ჩამოვედი, ოჯახს ჩავეხუტე, მერე IOM-ის პროგრამის საშუალებით კურდღლის ბიზნესი წამოვიწყე და მინდა, ამას მივყვე. პირველ ეტაპზე, რაღაც შეცდომებიც კი დავუშვი, მაგრამ თან ვისწავლე კიდეც, მინდა, რომ ეს საქმე გავაგრძელო. პატარა მიწა მაქვს, აქ ბოსტნეულს ვერ მოვიყვან.

მეტის ნახვა

გენრიეტა ნამჩევაძე 69 წლის / სოფელი პატრიკეთი

თავიდან ენა არ ვიცოდი, მხოლოდ რაღაც სიტყვები და ძალიან სასაცილო იყო, როგორ ვაგებინებდით ერთმანეთს მუნჯურად, რა გვინდოდა, მაგრამ მერე მალე ავლაპარაკდი.

ათენში ჩასვლისთანავე დავიწყე მუშაობა ოჯახში, დამხმარედ. 10 წელი ამ ოჯახში გავატარე. თავიდან ენა არ ვიცოდი, მხოლოდ რაღაც სიტყვები და ძალიან სასაცილო იყო, როგორ ვაგებინებდით ერთმანეთს, მაგრამ მერე მალე ავლაპარაკდი. მთლიანობაში 17 წელიწადი ვიყავი და ერთადერთი, რაც ვთქვი წამოსვლისას, როგორ წავიდე აქედან ისე, რომ ლიკაბეტი და აკროპოლი არ ვნახო და გავისეირნე მანდ. 2018-ში რომ ჩამოვედი, IOM პროგრამის დახმარებით დავწერე ბიზნესგეგმა, რომ მინდოდა სათბურები და დამაფინანსეს. ჩვენი კიტრი გვაქვს, პომიდორიც, ჩემი შვილი უვლის ყველაფერს, მეც ვეხმარები შეძლებისდაგვარად.

მეტის ნახვა