პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაინიშნა ახალი ავიარეისები


06.07.2020

მსოფლიოში  COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. აღნიშნული მიზნით, დღეს, 6 ივლისს, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განისაზღვრა ავიარეისების ახალი განრიგი. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანიები  - Wizz Air-ი და Myway Airlines-ი. 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავიარეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

ცნობისთვის, ივლისის განმავლობაში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელება კომპანია Georgian Airways-ის მიერ - იხილეთ ავიარეისების განრიგი.

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში - სახელმწიფოს ხელშეწყობით - უკვე დაბრუნდა 14 000-მდე თანამემამულე (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით), ხოლო უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადგილზე ქმედითი დახმარება გაეწია 22 000-ზე მეტ თანამოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.