პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმებისა და დიასპორული ორგანიზაციების ონლაინ კონფერენცია


19.12.2020

მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ქართული დიასპორული ორგანიზაციების კონფერენცია. ონლაინ ღონისძიება ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, დიასპორული ორგანიზაცია „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და იგი მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმების კონსოლიდაციას და მათ ჩართვას ემიგრანტებისთვის სოციალური და სამედიცნო სერვისების უზრუნველყოფის პროცესში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ორმოცდაათამდე ქართველმა ექიმმა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, ასევე, საბერძნეთში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ, ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ნაკაშიძემ და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

თავის მხრივ, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა, თიკა სვანიძე-ვენკომ და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ დამფუძნებელმა, ავთანდილ მიქაბერიძემ ღონისძიების მონაწილეებს თავიანთი დაწესებულებების დიასპორული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

კონფერენციაზე განხილულ საკითხებს შორის საუბარი შეეხო, კოვიდ-19 პანდემიიდან გამომდინარე, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების წინაშე არსებულ სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური სახის გამოწვევებს, შავიზღვისპირეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევე, დიასპორული ორგანიზაციების როლს ემიგრანტებისთვის სამედიცინო და სოციალური სერვისების ორგანიზებულად მიწოდების კუთხით.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა საქართველოს სახელმწიფოსა და დიასპორული ორგანიზაციების უპრეცედენტო სახის კოორდინირებულ თანამშრომლობას, მსოფლიოში პანდემიის გავრცელების ფონზე, საზღვარგარეთ  მყოფი თანამემამულეებისათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენისა და მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

კონფერენციის მონაწილე თანამემამულე ექიმების, დიასპორული ორგანიზაციების და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზაობა, სამომავლოდ, თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე, რათა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მეტად გაუმარტივდეთ წვდომა შესაბამის სოციალურ და სამედიცინო სერვისებზე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, საქართველოში გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივმა კოორდინატორმა, ნათია კვიციანმა, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიებაზე აღინიშნა ორგანიზაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით, ასევე ქართველი ემიგრანტებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე.

კონფერენციას მოდერაციას უწევდნენ ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ეკა კვირტია და ანა გაბრიაძე, ასევე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული სამედიცინო ორგანიზაციის - „ჯანმრთელობის ცენტრი ათენში“ ხელმძღვანელი, ირინა მათურელი.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, უცხოეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი ექიმები, აგრეთვე, საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.