პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვენაში ღონისძიება „მოგზაურობა საქართველოში“ გაიმართა


24.12.2019

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, ქ. ვენაში, ავსტრიაში ქართული სათვისტომოსა და დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით, გაიმართა ტრადიციული საშობაო ღონისძიება - „მოგზაურობა საქართველოში“.

დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ვენის ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

საღამოს ფარგლებში, საკვირაო სკოლის მასწავლებლები ავსტრიის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებისგან დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.

ავსტრიის ქართულ სათვისტომოსთან არსებულმა ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის ქართულმა საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო. საკვირაო სკოლაში ამჟამად 50-ზე მეტი ქართველი ბავშვი სწავლობს ქართული ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას,  გეოგრაფიას, სკოლის ხელმძღვანელი კი გახლავთ თინათინ ზამბახიძე.

აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლის გარდა, ავსტრიის ქართული სათვისტომოსთან ასევე ფუნქციონირებს ქართული ცეკვის სტუდია და მოხალისე თარჯიმანთა ჯგუფი. ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, სათვისტომო ახორციელებს არაერთ საინტერესო პროექტს, მათ შორის ორგანიზებას უწევს ქართულ კულტურულ საღამოებს, კონცერტებს, საბავშვო ზეიმებსა და საქველმოქმედო აქციებს.

აღნიშნულ ტრადიციულ საშობაო ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორისა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.