პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსებზე სწავლა 16 სექტემბრიდან განახლდება


01.09.2020

 

2020 წლის 16 სექტემბრიდან ვილნიუსის უნივერსიტეტში განახლდება ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები. აღნიშნულის ფარგლებში, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს, ასევე, გაეცნონ ქართულ კულტურას, ენასა და ლიტერატურას.

ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ხორციელდება ვილნიუსის უნივერსიტეტის პროგრამის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ ფარგლებში და მასზე დასწრება შეუძლია ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

ამასთან, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ქართული ენა შეუძლიათ ისწავლონ, როგორც არჩევითი საგანი, ხოლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს კი - როგორც თავისუფალი საგანი.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით აღნიშნული კურსები ვილნიუსის უნივერსიტეტში უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. 2018 სასწავლო წლიდან კი ქართული ენა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კურიკულუმში გაერთიანდა.

ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.mvg.vu.lt/programs/1236/