პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„Wizz Air“ რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ოქტომბრიდან განაახლებს


23.09.2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია „Wizz Air“ რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას  მიმდინარე წლის ოქტომბრიდან განაახლებს.

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიარეისებს ოქტომბრიდან - კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში კი, ასევე განიხილება ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან.

საქართველოში კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგა წარმოადგენს მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ახორციელებენ შემდეგი  ავიაკომპანიები: „Lufthansa“ - ბერლინი-თბილისი-ბერლინის მიმართულებით, „Air France“ - პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით და „AirBaltic“ - რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მგზავრებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან, მგზავრობის დაგეგმვის დროს კი იხელმძღვანელონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

იხილეთ სექტემბერი/ოქტომბრის პერიოდში საქართველოში და საქართველოდან დაგეგმილი რეგულარული და კომერციული ჩარტერული ფრენების განრიგი.

 

 

[ფოტო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო]