პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" საგრანტო პროგრამა

სახელმწიფო პროგრამა "დიასპორული ინიციატიების ხელშეწყობა" წარმოადგენს COVID-19 პანდემიის პერიოდში ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეებისათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ეტაპს. ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი 2020 წლის 20 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება.

საგრანტო განაცხადების წარდგენა დასრულდა მიმდინარე წლის 23 ივნისს. ამჟამად, მიმდინარეობს კონკურსის შემდგომი ეტაპი - წარდგენილი განაცხადების განხილვა.

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულები COVID-19 პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისა და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მათთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.

სასარგებლო ბმულები