პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ბორჯომის, აღმოსავლეთით ხაშურის, ჩრდილოეთით კიჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 913,9 კმ2.

მუნიციპალიტეტი ზღვის ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში მდებარეობს და ახასიათებს კლიმატის სიმაღლებრივი ზონალურობა: მდინარეების, ძირულისა და ჩხერიმელას ხეობაში დაახლოებით 600 მეტრ სიმაღლემდე ჰავა საკმაოდ ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული.

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ძირულა. მისი შენაკადებია - მარჯვნიდან: ხელმოსმულა, დუმალა, ვაშლეურა, მეჩხეთურა; მარცხნიდან: ბორიმელა, რიკოთულა, გედსამანისწყალი, ბჟინეურა საკასრია, ღორეშისხევი. მდინარეები გამოყენებულია წისქვილების ასამუშავებლად.

მუნიციპალიტეტის ძირითადი წიაღისეულია მარმარილო (მოლითის, მარელისის, ბჟინევისა და საქასრიის საბადოები), კირქვა (ხარაგაულის), კვარცის ქვიშა (ქროლის), ცარცი (ბაზალეთისა და საქასრიის), მინერალური საღებავი (უბისის), მინერალური სამკურნალო წყლები (ნუნისის, ზვარეს, უკანჭალის). ამ უკანასკნელთა ბაზაზე შექმნილია კურორტები ნუნისი და ზვარე.

მუნიციპალიტეტის მდიდარია ტყეებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილი. მთისწინეთსა და დაბალ მთებში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი. მასთან ერთად არის წაბლი, მუხა, ცაცხვი, იფანი და სხვ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მეფუტკრეობის მხრივ წამყვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში. სპეციალიზაციის დარგებია მევენახეობა, მეხილეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. ვაზის ჯიშებიდან გავრცელებულია: ცოლიკაური, ციცქა, იზაბელა, პინო, თეთრი და შავი ალიგოტე. მათი უმრავლესობისგან საშამპანურე ღვინის კარგი მასალა მზადდება.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. ამას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და კურორტი ნუნისი (http://nunisi.ge/nu/home-ka/?lang=ka).

მუნიციპალიტეტის ტერიტორია საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის აკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის გვირაბითა (3910 მ.) და ხანდების გვირაბით (740 მ.). აქ გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და ხაშური-სამტრედიის რკინიგზის მონაკვეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის რამდენიმე სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა. სახელმწიფო მნიშვნელობისაა მდინარე ჩხერიმელას ხეობაში გამავალი გზა.

მუნიციპალიტეტში 79 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 78 სოფელი, რომლებიც იყოფა 20 ადმინისტრაციულ ერთეულად:

  • 1 დაბა: ხარაგაული;
  • 19 ადმინისტრაციული ერთეული: ბაზალეთის, ბორითის, ვარძიის, ვახანის, ზვარის, კიცხის, ლეღვანის, ლაშის, მოლითის, ნადაბურის, სარგვეშის, საღანძილის, ფარცხნალის, ხიდარის, წყალაფორეთის, წიფის, ღორეშის, ხუნევის, ხევის.

 

 

 

სასარგებლო ბმულები