პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როგორ ვისწავლო საქართველოში?

უცხო ქვეყნის/საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

  1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  2. საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
  4. საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
  5. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
  7. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, ასევე მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.

აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.

საქართველოში სწავლის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე:

 

 

საქართველოში უმაღლესი განათლების დაწყების/გაგრძელების მსურველ დაინტერესებულ პირებს პრაქტიკული სახის ინფორმაცია საქართველოში სწავლისა და ცხოვრების შესახებ შეუძლიათ იხილონ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.studyingeorgia.ge/. აღნიშნული გვერდი შექმნილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ და იგი მოიცავს ინფორმაციას საქართველოში სწავლასთან დაკავშირებულ სააპლიკაციო პროცედურებზე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, დაფინანსების მოპოვების წყაროებზე, ქართული ენის შესწავლის თაობაზე და სხვ.

სასარგებლო ბმულები