პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. 1930 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე, როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან - თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია - 357 კმ2, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 250 კმ2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, აჯამეთში მდებარე მინერალური ქვების - ქალცედონისა და სპონგოლიტის საბადო ერთადერთია საქართველოში. ამასთან მისი მარაგები მსოფლიო მნიშვნელობისაა: 4,168 ათ. ტ ქალცედონი და 15,549 ათ. მ3 სპონგოლიტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე არის კირქვა, მარმარილო, საკრამიტე და სააგურე თიხა, ეკლარი და სხვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: სკანდეს ციხე, ბერციხე, ნავენახევის მღვიმე, ჩხარის, გოდოგნის და თუზის ეკლესიები, ღვანკითის დედაღვთისა.

ასევე აღსანიშნავია ჩიხორისა და ჩხარის შუა საუკუნეების ნაქალაქარების ნაშთები, ეკლესია ქვედა სიმონეთში, ციხეები ძევრსა და ჭალასთავში, ხიდი ნაგარევში.

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მარცვლეული კულტურების (სიმინდი) მოყვანა და მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში არის ღვინის ქარხნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ჰიდროელექტროსადგური "ძევრულაჰესი".

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ათეულობით ისეთი ძეგლია, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მათ შორისაა დიდი სიღმრის მქონე მღვიმეები ულამაზესი სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით, კანიონები, მდინარეები, ლამაზი და მცირე ჩანჩქერებით, დინოზავრის ნაკვალევით, ულამაზესი ტყის მასივებით. მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს ყველაფერი მცირე ფართობზეა განლაგებული, რაც ზრდის მათ რეკრეაციულ დანიშნულებას.

მოსახლეობის რიცხოვნობა - 35 563 კაცი (2014 წლის აღწერით). მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, მუნიციპალიტეტის ტერიტორია თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიას მიეკუთვნება. მოქმედებს 10-ზე მეტი ტაძარი.

მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი - თერჯოლა და 45 სოფელი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

  • 1 ქალაქი: თერჯოლა;
  • 18 ადმინისტრაციული ერთეული: ალისუბანი, ახალი თერჯოლა, ბარდუბანი, გოდოგანი. ეწერი, თუზი, კვახჭირი, ნახშირღელე, რუფოთი, ზედა საზანო, სიქთარვა, ჩხარი, ძევრი, გოგნი, ზედა სიმონეთი, ქვედა სიმონეთი, ღვანკითი, ჭოგნარი.

 

სასარგებლო ბმულები