პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვანი.

ვანის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია 557 კმ2-ია. მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

ვანის მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი ვანი. ის საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს: ქუთაისს, ბაღდათს, სამტრედიას და ლანჩხუთს. უახლოეს აეროპორტამდე (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი) მანძილი შეადგენს 40 კმ-ს, უახლოეს პორტთან (ფოთის პორტი) - 100 კმ-ს, ხოლო რკინიგზის უახლოეს სადგურამდე („სამტრედია“) - 20 კმ-ს. დედაქალაქიდან დაშორებულია 280 კმ-ით.

მუნიციპალიტეტში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული.

მუნიციპალიტეტი მდიდარია შიდა წყლებით: მდინარეები რიონი (მისი შენაკადები: სულორი, ძულუხურა, ჭიშურა, ყუმური, კორისწყალი, კვინისწყალი და ფერეთა) და მდინარე ხანისწყალი (მისი შენაკადი - წაბლარასწყალი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიქსირდება 1048 სახის მცენარე (წიფელი, წაბლი, ქართული მუხა, რცხილა, წყავი, შქერი, თაგვისარა, ბაძგი, ნაძვი, სოჭი და სხვა). ღვის დონიდან 2300 მეტრის ზემოთ ალპური მდელოებია, რომლებიც სათიბ-საძოვრად გამოიყენება.

მუნიციპალიტეტის მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები - ანდეზიტი, ბაზალტი, ალებასტრი (ინაშაური), კერამიკული თიხა, კირქვა (ისრითი), მინერალური წყლები (ინაშაური, სულორი, ჭოკინა), თერმული წყლები (ამაღლება, საპრასია).

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებაროებს ისტორიული ძეგლები: შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია, მელოურის ციხე და XIV საუკუნის მელოურის ეკლესია, ასევე ათეულობით სხვა ისტორიულ-კულტურული ძეგლი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმში დაცულია მოპოვებული არქეოლოგიური მასალები, წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები. მუზეუმ-ნაკრძალის კომპლექსის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და თავად მუზეუმი. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში მდებარეობს გალაკტიონისა და ტიციანის სახლ-მუზეუმები. სოფელ ტობანიერში კორნელი კეკელიძისა და კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ბალნეოლოგოური კურორტია: სულორი და ამაღლება, რომელიც განთქმულია თავისი თერმული და მინერალური წყლებით. არსებობს ჭოკიანის ცნობილი აბანო და მინერალური სამკურნალო წყალი „დურბეშა“. დიდი პოპულარობით სარგებლობს დიხაშხოს გოგირდოვანი გეიზერი.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ: მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მევენახეობა, მეხილეობა (ციტრუსების, სუბ-ტროპიკული და კენკროვანი კულტურები), მებოსტნეობა (კართოფილი, ხახვი, ნიორი), მეთხილეობა, მესიმინდეობა, მეფუტკრეობა და მეთევზეობა, განვითარებულია ასევე ტურიზმი და მრეწველობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტში არის ღვინისა და საკონსერვო ქარხნები. მთავარი სამრეწველო საწარმოებია ვანის ღვინის ქარხანა და ახლად შექმნილი პლასმასის არმატურის საამქრო.

მუნიციპალიტეტში არის 32 საჯარო, 2 კერძო და ერთი სასულიერო სკოლა, ასევე პროფესიული სასწავლებელი, გურამ ბზვანელის სახ. მუსიკალური სკოლა, სპორტსკოლა და საფეხბურთო სკოლა, 19 საბავშვო ბაღი, 2 კულტურის სახლი, კინოთეატრი. მუნიციპალიტეტში არის 34 ბიბლიოთეკა და 4 თეატრი. საავადმყოფო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და 17 სამედიცინო ამბულატორია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 31 000 ადამიანს შეადგენს.

ვანის მუნიციპალიტეტი შედგება 21 ადმინისტრაციული ერთეულისგან:

  • 1 ქალაქი: ვანი;
  • 42 სოფლის ტიპის დასახლება: ამაღლება, ინაშაური, გადიდი, ონჯოხეთი, გორა, ზედაგორა, დიხაშხო, ისრითი, ციხისუბანი, ზედავანი, ტყელვანი, ზეინდარი, შუაგორა, ქვედამუქედი, ზედამუქედი, სალომინაო, ბაგინეთი, სალხინო, ზენობანი, საპრასია, რომანეთი, ტობანიერი, მიქელეფონი, ეწერი, კუშუბოური, უხუთი, იმერუხუთი, ფერეთა, ბაბოთი, ყუმური, დუცხუნი, მაისოური, შუამთა, ჭყვიში, მთისძირი, ჭაგან-ჭყვიში, ზედა ციხესულორი, ქვედა ციხესულორი, სულორი, ძულუხი, ბზვანი, ბაძგი;

 

სასარგებლო ბმულები