პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენის თეატრში ნიკო გომელაურის სახელობის თეატრის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა


27.09.2022

25 სექტემბერს ათენის თეატრში, “ალფა", საქართველოს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ნიკო გომელაურის  სახელობის  თეატრის (რეჟისორი ნიკოლოზ ტყავაძე) სპექტაკლს  "გოდოს მოლოდინში". 

ნობელისტი ირლანდიელი მწერლის, სემუელ ბეკეტის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა ქართველი და ბერძენი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში საკონკურსო კომისიამ გრანტი მიანიჭა ნიკოლოზ ტყავაძეს "ნიკო გომელაურის სახელობის თეატრისთვის" მუდმივმოქმედი სცენის მოწყობის მიზნით.

"დაუვიწყარი დღე გვაჩუქა ათენში მოღვაწე რეჟისორმა ნიკოლოზ ტყავაძემ. გასულ შაბათ-კვირას ქართველ და ბერძენ მაყურებელს საშუალება ჰქონდა დასწრებოდა ნიკო გომელაურის სახელობის თეატრის სპექტაკლის პრემიერას "გოდოს მოლოდინში", სემუელ ბეკეტის პიესის მიხედვით.

გამოგიტყდებით და როცა სპექტაკლზე მივდიოდა ცოტა ამბიციურად და ავანტიურისტულადაც კი მეჩვენებოდა ბეკეტის და თანაც გოდოს, შეჭიდება ახალგაზრდული თეატრის მიერ. თუმცა, პირველივე სცენებიდან მივხვდი, რომ ნიკოლოზ ტყავაძის ეს ამბიცია, მისი საოცარი ნიჭითა და მსახიობების უზადო საშემსრულებლო ოსტატობით იყო განპირობებული.

ვულოცავ ნიკას და მისი თეატრის დასს კახი სიბოშვილს, საბა ობოლაძეს, მარიამ ჭოხონელიძეს, მადონა ზაქრაძეს, აჩი ღამბაშიძეს, ანასტასია გეგელაშვილს ამ დიდ წარმატებას! იმედია ბეკეტი არ გაუნაწყენდება რეჟისორს ქალი მსახიობების გამო.

ამასთან, ძალიან მიხარია, რომ წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის" გრანტი ნიკოლოზ ტყავაძეს გადაეცა, ნიკო გომელაურის სახელობის თეატრისთვის მუდმივმოქმედი სცენის მოსაწყობად. ეს ის შემთხვევაა,  როცა ინვესტიცია 200%-ით ამართლებს.” - განაცხადა საბერძნეთში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ.