პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში ქართული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


05.05.2021

2021 წლის 4 მაისს, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენის გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული წმინდა ანთიმოზ ივერიელის ქართული საკვირაო სკოლის კალიგრაფიის წრის აღსაზრდელების, ასევე, ავსტრიისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნამუშევრები.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალაქ ბარსელონაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა ლია ახალბედაშვილმა და გამოფენის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა. გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელი გადაეცა, ასევე, ქართული კალიგრაფიის წრის ხელმძღვანელს, მარინე წიქორაძეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა და კატალონიაში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა გიორგი მეტრეველმა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მევიოლინე ანა ბურდულმა და ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "Georgian Folk", რომელთაც შეასრულეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის - გია ყანჩელის ნაწარმოებები, ასევე, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელები და მათი მშობლები, პედაგოგები, ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დაინტერესებულ პირებს გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა შეუძლიათ ქალაქ ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში შემდეგ მისამართზე: PASEO DE GRACIA # 7, 3 derecha, 08007, Barcelona.