პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის ჩართულობის პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა


24.04.2023

მიმდინარე წლის 19 და 20 აპრილს, სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ თბილისი“ (Holiday Inn Tbilisi), საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანაორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დიასპორის ჩართულობის პოლიტიკის და პრაქტიკის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა მიგრაციისა და დიასპორის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი მარტინ რასელი (Dr. Martin Russell, Founder of Global Diaspora Insights).

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევლინთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

ორდღიანი შეხვედრის პირველი სესია დაეთმო „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების სამუშაო ვერსიის განხილვას, რომელიც ადგილობრივმა ექსპერტმა ეკა სირაძემ წარადგინა. პრეზენტაცია გაგრძელდა დისკუსიით - მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეხატათ თავიანთი მოსაზრება და რეკომენდაციები კანონის პროექტთან დაკავშირებით.

შემდეგი სესია დაეთმო დიასპორასთან ურთიერთობის პოლიტიკას - დიასპორის ჩართულობას მდგრადი მოდელებისა და სისტემების შექმნის პროცესში. აღნიშნულ სესიაზე მარტინ რასელმა ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, მონაწილეებთან ერთად განიხილა ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართულობის სხვადასხვა პროგრამა (ლიეტუვის, საბერძნეთის, სომხეთის სახელმწიფო პროგრამების ნიმუშებზე).

მომდევნო სესია დაეთმო ქართული დიასპორის ჩართულობის ახალი პროგრამის განხილვას. აღნიშნულ სესიაზე, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, მონაწილეებმა შეიმუშავეს წინადადებები ახალი პროგრამის კონცეფციისთვის. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს მარტინ რასელმა და ქეთევან გორგოშიძემ და ჩაინიშნეს სამუშაო ჯგუფებში გაჟღერებული რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომლებიც შემდგომში კონცეფციის დოკუმენტში აისახება და მომზადდება შემდგომი ნაბიჯები.

დიასპორის ჩართულობის პოლიტიკის და პრაქტიკის შესახებ სამუშაო შეხვედრა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) გარგლებში.