პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის


27.05.2022

2022 წლის 27 მაისს,ქ. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართება. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გახსნის. 

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, გაიმართება თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე. თემატური  პანელის - „ქართული ენის კონფერენცია“ ფარგლებში, მომხსენებლები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მისი გაუმჯობესების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, ასევე, უცხოეთში სწავლის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკვირაო სკოლებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოების დახვეწისა და სრულყოფის საჭიროებებზე. პანელს მოდერაციას გაუწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი.  

პანელზე - "ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, მონაწილეები განიხილავენ საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერ ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებს, ასევე საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების გზებს.

თემატური პანელის „კულტურული დიპლომატია" ფარგლებში, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, შორენა ციცაგი, ყურადღება დაეთმობა კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს, აგრეთვე, ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილს.

პანელზე - "ციფრული დიასპორა" მომხსენებლები განიხილავენ იმ ინოვაციურ მიდგომებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დიასპორასთან მდგრადი თანამშრომლობა და უწყვეტი კომუნიკაცია. საუბარი შეეხება სოციალური მედიის, დიასპორის ციფრული ინიციატივების, დიასპორული პორტალებისა და ბლოგების გამოყენების მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში. ასევე საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებებისა და ევროპული კულტურის ქვეყნის შესახებ ფართო საზოგადოებრივი აზრის შექმნის შესაძლებლობებს. პანელს მოდერაციას გაუწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ვეკა მოდებაძე.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დიასპორული პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" მონაწილეთათვის გაიმართება ტრენინგი ციფრული კომუნიკაციების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.