პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის ფორუმი 2019 დღეს თემატური შეხვედრებით გაგრძელდება


28.05.2019

დღეს, 28 მაისს, დიასპორის ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" თემატური შეხვედრებით გაგრძელდება.ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში იმსჯელებენ განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვა მიმართულებით.

თემატური შეხვედრების დროს დიასპორის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს ამა თუ იმ სფეროში პროფესიული გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის რატი ბრეგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის და დიასპორული ვებ-პორტალის ამოქმედება. როგორც დეპარტამენტის დირექტორი განმარტავს, ფორუმის მიზანია მოისმინონ დიასპორის წამომადგენლების მოსაზრებები, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება, რათა შემდგომ განისაზღვროს ის გზები, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა.

„უკვე ორი დღეა მიმდინარეობს დიასპორის დღესთან დაკავშირებული დიასპორული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. დიასპორის დღის ფარგლებში, მოქმედებს ოთხი სამუშაო ჯგუფი: ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, მედიისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. ამ სამუშაო ჯგუფებში ჩვენი თანამემამულეები და ასევე ქართველებიც წარმოადგენენ მოხსენებებს სხვა და სხვა პრობლემურ თემატიკაზე. ხდება პრობლემების იდენტიფიცირება, მიზნის დასახვა და ბუნებრივია, შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა. ფორუმის მთავარი მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ წარმოდგენილი იქნას პრობლემატიკა და განისაზღვროს ის გზები, თუ როგორ შეიძლება მათი გადაჭრა და ის პროგრამები, რომლებიც ჩვენ წელს წარმოვადგინეთ ამ ახალ ფორუმზე, წარმოადგენს სწორედ გამოძახილს 2018 წლის ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებებისა. კერძოდ, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა და ასევე დიასპორული ვებ-პორტალი, რომელიც უკვე ამოქმედდა სატესტო რეჟიმში და მოემსახურება მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს და ასევე ქართულ სახელმწიფოსაც“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დიასპორის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ.

დიასპორის წარმომადგენლები დღესვე პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინითშეამკობენ გმირთა მემორიალის. დიასპორული ფორუმი 2019 კულტურული პროგრამით დასრულდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ 27 მაისს გაიხნა. ორდღიანი ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.