პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორული ორგანიზაცია „ილორი“-ს მხარდაჭერით უკრაინელი ბავშვები ბათუმს ეწვივნენ


27.07.2019

ა.წ. 16-26 ივლისს, ქ. ხერსონში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „ილორი“-ს (ხელმძღვანელი: ელიკო მარკელია) და ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით, ასევე უკრაინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერით, განხორციელდა სოციალური პროექტი „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ივლისს, უკრაინის დამცველთა და მოხალისეთა პირთა შვილებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი 10 დღით დასასვენებლად ქ. ბათუმში გაემგზავრა.

ბათუმში დასვენების პერიოდში უკრაინელი ბავშვები გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას, მოეწყო ექსკურსიები ქალაქის მასშტაბით, მოზარდებმა მოინახულეს მუზეუმები, ეროვნული პარკები, ისტორიული და კულტურული ძეგლები. გარდა ამისა, შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოში უკრაინის დიასპორის წარმომადგენლებთან, უკრაინელმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ქ. ბათუმში მიმდინარე სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

პროექტის „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ მიზანია, წვლილი შეიტანოს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გამყარებაში, ახალგაზრდების დაახლოებასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მოზარდების ქართული არდადეგების ორგანიზებაში საქართველოდან ჩართული იყო ასევე საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“, ქ. ბათუმის მერია, საქართველოში უკრაინის საელჩო, ახალგაზრდობის დემოკრატიული განვითარების ფონდი „სინერგია“ და კომპანია „ORBI GROUP” (ქ. ბათუმი/ქ. კიევი).