პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დუბლინის ქართულ საკვირაო სკოლას სახელმძღვანელოები გადაეცა


26.06.2019

ა.წ. 26 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა დუბლინში მოქმედ ქართულ საგანმანათლებლო ცენტრს "ლამპარი" ქართულენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

გიორგი ზურაბაშვილმა საგანმანათლებლო ცენტრის "ლამპარის" ხელმძღვანელთან, ანელი აწკარუნაშვილთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე და ისაუბრა უწყების იმ პროგრამებისა და ინიციატივების შესახებ, რაც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის კავშირების გაძლიერებას სამშობლოსთან. მან ასევე ხაზი გაუსვა, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირების მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობების ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით. თავის მხრივ, ანელი აწკარუნაშვილმა საკვირაო სკოლის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოების გადაცემისთვის.

ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ სპეციალურად იქნა შემუშავებული ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და ეხმარება მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.