პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფრანკფურტის ქართულ საკვირაო სკოლას სახელმძღვანელოები გადაეცა


18.08.2019

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე ფრანკფურტის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და მათ საჩუქრად ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

ფრანკფურტში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ამჟამად 30 ბავშვი სწავლობს. პედაგოგები - მაია შავლიაშვილი, ნინო ხალვაში-ვირთი და მზია წიკლაური მოსწავლეებს, ყოველ კვირა დღეს, ქართულ ენაზე უტარებენ გაკვეთილებს. საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე საქართველოს გენერალურმა კონსულმა ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე და ისაუბრა უწყების იმ ინიციატივებზე, რაც ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების კავშირების გაძლიერებას სამშობლოსთან.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, მომზადდა უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის სპეციალური ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები. სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და ეხმარება მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.