პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაიმართა შეხვედრა “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ


18.04.2023

მიმდინარე წელის 6 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში (Tbilisi Marriott Hotel) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრა დაეთმო “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილის განხილვას რომელიც ეხება ისტორიულ, ენობრივ და ეროვნულ საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა მიმართულების პროფესორები, მიგრაციის კვლევის ცენტრისა და  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებზე მსჯელობას, როგორიცაა ტერმინის - ,,დიასპორა“ და ,,თანამემამულე“ განმარტება კანონში, ქართველურ-კავკასიური ენებზე მოსაუბრე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გათვალისწინება კანონში და სხვა ისტორიული და ლინგვისტური საკითხები.

აღსანიშავია რომ, კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე მუშაობდა ადგილობრივი ექსპერტი ეკა სირაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ისტორიულ და ენობრივ საკითხებთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გამართა კითხვა-პასუხი, რომლის დროსაც დამსწრე აუდიტორიამ გამოთქვა მოსაზრებები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშრის მხარდაჭერით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების  საერთაშორისო ცენტრთან  (ICMPD) პარტნიორობით,  ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ორიენტირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი  პოლიტიკის, ეფექტიანი მექანიზმებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს  მიმოხილვა.  ხაზგასასმელია, რომ ამ პროცესში ჩაერთო მიგრაციისა და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური ინსტიტუციის - მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევითი გუნდი, რომელმაც,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ, მოამზადა ანგარიში.

აღნიშნული შეხვედრები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში" (STREAMING) ფარგლებში.