პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჰამბურგში ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა“ გაიმართა 


29.07.2019

19-28 ივლისს, გერმანიაში, ქ. ჰამბურგის ხელოვნების სახლში „ფაქტორი“, ქართველი და გერმანელი ხელოვანების მონაწილეობით, გაიმართა ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა“.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება, მათ შორის, ელექტრო-ამბიენთ-პერფორმანსი ხელოვან ირაკლი კიზირიას მონაწილეობით, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას მასტერკლასი და ფოტო-ინსტალაცია „My Place“, გერმანელი ფოტოგრაფის ანდრეას ოტკერ-კასტის წიგნის პრეზენტაცია „Tamar, where are you?“ და ფოტო-ფესტივალის „ქოლგა თბილისი ფოტოს“ 2019 წლის კონკურსის საუკეთესო ფოტოების ჩვენება.

ქართულ-გერმანული ფესტივალის ფარგლებში, აგრეთვე, გაიმართა ქართველი რეჟისორისა და ავტორის ნანა ექვთიმიშვილის წიგნის „მსხლების მინდორი“ და გერმანელი ავტორის ულრიკე იანსენი საუნდ-ინსტალაციის „მარტოსული გულების სახლში“ პრეზენტაციები.

ფესტივალის დასასრულს, ქართველ და გერმანელ ხელოვანებთან და მუსიკოსებთან ერთად მოეწყო ინტერაქტიული პერფორმანსი „ქართული სუფრა“.

ფესტივალის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა ასევე ქალთა გუნდ „ქალაუს“ კონცერტს.

ქართულ-გერმანული ფესტივალი თეონა გოგიჩაიშვილისა და ოლაფ შელერის ორგანიზებით ჩატარდა და მას ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე ქეთევან გვენეტაძე, ადგილობრივი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრები, ჰამბურგში მცხოვრები ქართველები.