პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინეგოლში ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ გაიმართა


30.06.2019

ა.წ. 28-30 ივნისს, ქ. ინეგოლში, კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის ორგანიზებით და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჯამბაზიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, მათ ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ისე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში.

ღონისძიების ფარგლებში, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა და საქართველოს ელჩმა ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ ფარუქ დემირთაშს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ფესტივალის ფარგლებში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში ასევე გაიმართა წიგნის „ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე)“ პრეზენტაცია, რომლის ავტორები გახლავთ როზეტა გუჯეჯიანი, გიორგი ირემაძე და მირიან ხოსიტაშვილი. ნაშრომი ეძღვნება 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს, ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს).

ფესტივალზე თურქეთში მოქმედმა ანსამბლმა „ჩვენებურებმა“ და საქართველოდან ჩასულმა სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.

ფესტივალს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.