პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიის ლაციოს რეგიონში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა


07.12.2021

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ლაციოს რეგიონის ქალაქ ჩივიტავეკიაში, ქალაქის მერთან, ერნესტო ტედესკოსთან ერთად, საზეიმოდ გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულო, რომელსაც საპატიო კონსული მიკაელა რეინერო გაუძღვება.

ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს იტალიაში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა, ნატალია კორძაიამ, იტალიის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ქალაქის მუნიციპალიტეტის, პორტის და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებმა. 

ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და ეკონომიკის, ვაჭრობის, ბიზნესის, კულტურისა და სოციალურ სფეროებში  თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხათუნა თოთლაძემ გამოყო ქალაქ ჩივიტავეკიას განსაკუთრებული როლი და შესაძლებლობები, რადგან ქალაქი და მისი პორტი წარმოადგენს ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, რომელზეც გადის საკვანძო საზღვაო მარშრუტები და რომელიც მასპინძლობს, როგორც  სატვირთო, ისე ტურისტულ გემებს. აღსანიშნავია, რომ ტრანზიტის კუთხით ჩივიტავეკიას წლიური მაჩვენებელია 2 მილიონი მგზავრი; ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა სანაპირო ვაჭრობის (ე.წ. Short Sea Shipping) მომსახურება.  

ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საპატიო საკონსულოს გახსნა მზარდი შესაძლებლობების ქალაქში ხელს შეუწყობს საქართველო-იტალიის სავაჭრო  და ბიზნეს კონტაქტების გაძლიერებას და სექტორული თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. მისი თქმით, პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა უფრო მეტად წარმოაჩინა საზღვარგარეთ საკონსულოების საქმიანობის საჭიროება და სასიხარულოა, რომ საპატიო საკონსულო ჩივიტავეკიასა და კამპანიის რეგიონში  საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და სამართლებრივ ინტერესებს დაიცავს. 

ხათუნა თოთლაძემ მიკელა რეინეროს, რომელსაც საერთაშორისო დონის ბიზნესპროექტებში მუშაობის გამოცდილება აქვს,  საპატიო კონსულად დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით შეასრულებს თავის მისიას და მნიშნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-იტალიის ურთიერთობების განმტკიცებაში.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჩივიტავეკიაში გახსნილი საპატიო საკონსულო თავისი ფუნქციებით დაფარავს კამპანიის რეგიონს.