პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის"


15.05.2022

მიმდინარე წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართება.

ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას. ამავდროულად, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, ერთობლივი გზების დასახვას ჩვენი თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისა და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.  

ფორუმზე თანამემამულეებს სიტყვით მიმართავენ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე დასწრება შეუძლიათ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელებს და უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეებს.

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მუშობას გააგრძელებენ შემდეგ თემატურ ჯგუფებში:

  1. განათლება - „ქართული ენის კონფერენცია“;
  2. კულტურა - „კულტურული დიპლომატია“;
  3. ბიზნესი და ეკონომიკა - „ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“;
  4. ციფრული დიასპორა“.

თემატური ჯგუფების მუშაობის პროცესში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა ისაუბრონ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკვირაო სკოლებში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ყურადღება ასევე გამახვილდება საზღვარგარეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეების პროფესიული გამოცდილების და მათი პოტენციალის ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართვის შესაძლებლობებზე.

ფორუმში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმდინარე წლის 20 მაისამდე გაიროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/17UWtIlameVsifwpzxAFOCIh8v9oxIh7JIJKTUCVlcTk/edit

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ: მობ.: +995 599 164 190 - ალიონა ჩხოტუა; +995 595 964 0 00 - მარიამ მამესწარაშვილი.